საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ხუთი ახალი სერტიფიცირებული მარშრუტი

ხუთი ახალი სერტიფიცირებული მარშრუტი

08 დეკემბერი, 2020
2020 წლის 4 დეკემბერს საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების უწყებათაშორისმა საბჭომ განიხილა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სერტიფიკატები მიანიჭა ხუთ ახალ მარშრუტს: „საქართველოს კერამიკის გზა“, „ ჩაით დახატული საქართველო“, „მივალ გურიაში მარა“, „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ და „ცამეტ სირიელ მამათა ნაკვალევზე“.
 
 
მარშრუტი კერამიკის გზა მნიშვნელოვანია როგორც ისტორიულ კონტექსტში, ასევე თანამედროვე თვალსაზრისით, ვინაიდან მის ფარგლებში მოგზაურს შეუძლია დაათვალიეროს როგორც უძველესი კერამიკული ნიმუშები, ასევე გახდეს კერამიკული ნიმუშების შექმნის მონაწილე. დაინახოს განსხვავება და ის ფაქტორიც თუ რატომ არის შესაძლებელი საქართველოს კერამიკის გზა გახდეს ევროპული კერამიკის გზის ნაწილი.
მარშრუტის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელებისთვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, კერამიკული გზისა და ქართული კერამიკის ინდუსტრიის განვითარების, ასევე, ქართული სამზარეულოს გაცნობა-პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში იქნება 6 ტურისტული მიმართულება, რომელიც აერთიანებს საინტერესო და მნიშვნელოვან ობიექტებს. მათ შორის, სალონებს, სახელოსნოებს, კერამიკის ოსტატებს, სასტუმროებსა და კვების ობიექტებს.
 
მარშრუტი „ჩაით დახატული საქართველო“ ფარავს გურიის, სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისს. მარშრუტი გვიყვება საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიასა და მის მნიშვნელობას, როგორც ადგილობრივ ასევე მსოფლიო ბაზარზე. ჩაი და მასთან ერთად ყურძნის ჩაი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მატარებელი პროდუქტია, რომლის მიმართაც ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული გრძნობები და დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის  საქართველოშიც.
 
 
კულტურული მარშრუტი ,,მივალ გურიაში მარა ანუ ევროპული გზა გურიაში“ ერთგვარად იმეორებს და მიყვება მოგზაურ თედო სახოკიას, დიმიტრი ბაქრაძის და სხვადასხვა ეპოქის ევროპელი მოგზაურების ფლავიუს არეანეს, პიეტრო დელა ვალეს, ჟან ბატისტ ტავერნიეს, კრისტოფორო დე კასტელის, ანტონიო ჯარდინასა და სხვათა ჩანაწერებს გურიის მხარეში. აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ვიზიტორებს საშუალება ექნება აღმოაჩინონ და გაიცნონ დღემდე უცნობი გურია, მისი უნიკალური ეთნოგრაფია, ტრადიციები და მემკვიდრეობა.
 
მარშრუტი „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ მიზნად ისახავს, საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მოსწავლე ახალგაზრდობას გააცნოს დიდი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება. მარშრუტში პირველ ეტაპზე შედის 9 ობიექტი, როგორც თბილისში, ასევე, წიწამურის მემორიალი და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში.
მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება ერთდღიანი თემატური საექსკურსიო ტურის მომზადება დედაქალაქის სკოლების მოსწავლეებისათვის. ტურის მომზადებაში ჩართული იქნებიან სპეციალისტები და თავად პროექტის წარმდგენი ორგანიზაცია. ოპერირებაში მონაწილეობას მიიღებენ შიდა ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ტურ ოპერატორები. ამ ტურისტული პროდუქტით დაინტერესდებიან ასევე, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები.
 
ტურისტულ-პილიგრიმული და  შემეცნებით-კულტურული მნიშვნელობის მარშრუტი „ცამეტ სირიელ მამათა ნაკვალევზე“  მოიცავს საქართველოში მე-6 საუკუნეში სირიიდან ჩამოსული 13 ქრისტიანი ბერის მიერ დაარსებულ და მათ სამოღვაწეო მართლმადიდებლურ მონასტრებს. წმინდა მამებმა საფუძველი ჩაუყარეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და სადაც დღემდე შემოგვრჩა მათი  საფლავებიც.  მარშრუტის თითოეული ობიექტს მინიჭებული აქვს  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი და თითოეული მათგანი უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდედ და ქართული საკულტო არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშად ითვლება. ცხადია, ამ ძეგლების ერთ მარშუტში მოქცევა მსოფლიო საქრისტიანოში სრულიად უნიკალურ, უმაღლესი კატეგორიის პილიგრიმულ ტურს შექმნის, სადაც უძველესი ტაძრების გარდა,  წმინდანთა საფლავებზე მიახლებაც იქნება შესაძლებელი.
 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png