საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
საქართველოს ღვინის მარშრუტი

საქართველოს ღვინის მარშრუტი

საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოს უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ მეღვინეობას ადგილობრივები ძვ. წ. VI ათასწლეულიდან ეწეოდნენ. დასავლეთ აზიის და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე საქართველოს განიხილავენ მევენახეობა-მეღვინეობის სამშობლოდ.

შეუძლებელია ქართული ღვინის წარმოების შესახებ საუბარი ქვევრის გარეშე. ქვევრი ხელნაკეთი, კვერცხის ფორმის თიხის საღვინე ჭურჭელია, რომელიც მიწაშია დამარხული ყელამდე. ქვევრში ღვინის დაყენება ტრადიციული მეთოდით თარიღდება 6 000 წლით და დღემდე გამოიყენება პრაქტიკაში. ეს უძველესი მეთოდი საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ მიღწევად და საგანძურად ითვლება. ღვინო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართველების სოციალურ ცხოვრებაშიც. ეს სტუმართმოყვარეობის და ქართული სუფრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, ასევე კეთილგანწყობისა და მეგობრობის წახალისებას ემსახურებოდა. 

მზარდმა ინტერესმა და ინვესტიციების ახალმა წყაროებმა ქართველ მეღვინეებს საშუალება მისცა დაეხვეწათ და გაეუმჯობესებინათ ღვინის ხარისხი და დაეწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაც. ამავდროულად აღორძინდა და განვითარდა ღვინის დაყენების ტრადიციული, ქართული ტექნოლოგია. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი კი 2013 წელს UNESCO-მ არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. 

კახეთის რეგიონი ქართული ღვინის წარმოების მხრივ პირველ ადგილზეა.  სწორედ აქ ქვეყნის 68% ღვინო და 75% ყურძენი იწარმოება. საქართველოში დარეგისტრირებულია 18 ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონიდან 14 მდებარეობს კახეთში.

საქართველოს ღვინის კულტურის გასაცნობად, აუცილებლად უნდა ეწვიოთ კახეთის რეგიონსა და ალაზნის ველს, კავკასიონის მთების მთისწინედში პატარა მომხიბვლელი სოფლების და ქალაქების გარემოცვაში. ჩვენი მარშრუტიც სწორედ ამ რეგიონის ფარავს.
 
მარშრუტის დაწყება შესაძლებელია VI საუკუნის იყალთოს სამონასტრო კომპლექსში ვიზიტით,  რომელიც არა მხოლოდ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს, არამედ შუა საუკუნეების უძველეს ღვინის სკოლას წარმოადგენდა. მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ერთ დროს ძლიერი ღვინის კულტურის კერა.

კახეთში დღემდე მრავლად არის საოჯახო სახელოსნოები, სადაც ტრადიციული წესით მზადდება ქვევრი. მარშრუტის მსვლელობისას შესაძლებელი ერთ-ერთი ასეთი სახელოსნოს მონახულება, მეთუნეებისა და მათი ოჯახური ტრადიციის და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის გაცნობა.

შემდგომი ობიექტი მარშრუტში არის იყალთოს მონასტრის მახლობლად მდებარე მცირე ოჯახური მარანი ახლომდებარე სოფელში, რომლიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინოების წარმოებაზე და რომელიც ხუთი თაობის მეღვინეების გამოცდილებას ეფუძნება. აქ შესაძლებელია ტრადიციული ღვინოების დაგემოვნება. შემდეგ შესაძლებელია ღვინის კომპანია “შუმისკენ” გამგზავრება, სადაც დაათვალიერებთ ვაზის საკოლექციო ვენახს, მარანს, ენოთეკას, ღვინის მუზეუმს და ეთნოგრაფიულ სახლს. დააგემოვნებთ ადგილობრივ ღვინოებს.

მარშრუტის ფარგლებში შესაძლებელია წინანდლის კომპლექსის მონახულება, რომელიც მდებარეობს წინანდლის მიკროზონაში. ვენახები გაშენებული აქვთ წინანდლისა და მის ახლობლად ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე; აქვე მდებარეობს ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ენოთეკა. ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი დიდგვაროვანი, რომელმაც ევროპული მეთოდით დააყენა ღვინო და ჩამოასხა ბოთლებში. ღვინის მარანი აშენებულია 1835 წელს და ინახავს 16,500 ღვინის ბოთლს, მათ შორის 1839 წლის, წინანდლის პირველი მოსავლის საფერავის ღვინოს. ჭავჭავაძის მარანში ღვინის წარმოება კვლავ გრძელდება და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თეთრი, მშრალი წინანდლის ღვინოები.

მოგზაურობა შესაძლებელია დაასრულოთ მცირე ოჯახურ მარანში, რომელიც გადაჰყურებს ალაზნის ველს და დათოვლილ კავკასიონის მთებს. ოჯახური ღვინის მარანი ყველა თავის ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრებში ამზადებს. ვენახს ამუშავებენ ბუნებრივი გზით და ყურძნის ხარისხს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევენ, აწარმოებენ საინტერესო მშრალ თეთრ და წითელ იშვიათი ყურძნის ჯიშის ღვინოებს. 

 
Iter Vitis-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრი საქართველოში: ღვინის ტურიზმის ასოციაცია
 
მისამართი: მაჩაბლის ქ. 9., 0105, თბილისი, საქართველო
info@wine-tourism.org








 

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.